რეგიონი
ნატოს კიევიდან თანამშრომლები გაჰყავს, ლუფტანზა ავიარეისებს აჩერებს
უსაფრთხოების ფაქტორებიდან გამომდინარე, ნატომ უკრაინელი თანამშრომლები დედაქალაქ კიევიდან დასავლეთში, ქალაქ ლვოვში და ბრიუსელში გადაიყვანა - განაცხადა ნატოს ოფიციალურმა პირმა 19 თებერვალს.

"ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება უმთავრესია, ამდენად, ისინი გადაყვანილი არიან ლვოვსა და ბრიუსელში. უკრაინაში ნატოს ოფისები განაგრძობს მუშაობას
" - აცხადებს ნატოს წარმომადგენელი, და არ აკონკრეტებს გადაყვანილი თანამშრომლების რიცხვს.

ამ ნაბიჯის ფონია მზარდი შეშფოთება, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, უკრაინაზე შეტევა წამოიწყოს. ნატო და მოკავშირე ქვეყნები ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ სიტუაციას, და განაგრძობენ საჭირო ზომების მიღებას - ამბობს ნატოს ოფიციალური პირი.

აშშ-მა, ბრიტანეთმა და დასავლეთის კიდევ რამდენიმე ქვეყანამ საელჩოთა სამუშაო პროცესი უკვე გადაიტანეს კიევიდან ლვოვში, თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე ზრუნვიდან გამომდინარე.

გერმანიის ავიაკომპანია Lufthansa 19 თებერვალს ასევე განაცხადა, რომ 21 თებერვლიდან წყვეტს რეისებს უკრაინის ქალაქების, კიევის და ოდესის მიმართულებით, ორივე მხარეს - იმ ფონზე, როცა იზრდება შიში, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში შეიჭრას.

კომპანია, რომელიც ფლობს Eurowings-ს, Swiss-ს, Brussels-ს და Austrian Airlines-ს, აცხადებს, რომ მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას რეისების აღდგენის თაობაზე.

Lufthansa გააგრძელებს რეისებს დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში, სადაც რამდენიმე ქვეყანამ თავიანთი საელჩოები გადაიტანა -
ამბობს კომპანიის პრესმდივანი.

Lufthansa-მდე უკრაინაში ფრენა შეწყვიტა ევროპის რამდენიმე სხვა ავიაკომპანიამ.
| Print |