რეგიონი
დღეს ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსეთის ძალების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის საკითხი განიხილება.

„ეს არის სამხედრო დანაშაულები, რომლებსაც მსოფლიო მომავალში აღიარებს გენოციდად“, – განაცხადა ზელენსკიმ, რომელიც გუშინ პირადად ჩავიდა კიევის ოლქში მდებარე ქალაქში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი მუშაობს თავის პარტნიორებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან, მათ შორის ევროკავშირთან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, პასუხისმგებელი პირების დასადგენად.

რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ბრალდებას უარყოფს.
| Print |