რეგიონი
გაერომ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერდა. ხმის მიცემის შედეგად 93 ქვეყნის წარმომადგენელმა ინიციატივას მხარი დაუჭირა, 24-მა მათგანმა უარი განაცხადა, ხოლო 58-მა კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, იყო აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, თავად უკრაინა, საქართველო და ა.შ.

ჩინეთი, სირია და ბელარუსი მათ შორის იყვნენ, ვინც წინააღმდეგ წავიდა.

ინდოეთი, ეგვიპტე და სამხრეთ აფრიკა იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც თავი შეიკავეს.

რეზოლუციის პროექტში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღნიშნა, რომ ასამბლეა „შეუჩერებს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლებას საბჭოს წევრს, რომელიც ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემატიურ დარღვევას ჩაიდენს“.

გაეროს გენერალურ ასამბლეაში 193 წევრია. გენერალური ასამბლეის წევრების ხმათა 2/3-ს შეუძლია შეუჩეროს ქვეყანას ადამიანის უფლებათა საბჭოში მუშაობა ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის. ადამიანის უფლებათა 47 -წევრიან საბჭოში წელს რუსეთისთვის სამწლიანი ვადის მეორე წელია.

interpressnews.ge
| Print |
თეგები: გაერო / რუსეთი /