რეგიონი
წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ხუთდღიანი მცდელობის მიუხედავად, მარიუპოლამდე ვერ მიაღწიეს
უკრაინაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა, პასკალ ჰუნდტმა განაცხადა, რომ მისმა ორგანიზაციამ ალყაში მოქცეულ საპორტო ქალაქ მარიუპოლამდე ვერ მიაღწია.

ჰუნდტმა აღნიშნა, რომ „წითელი ჯვარი“ მარიუპოლამდე მიღწევას 5 დღის განმავლობაში ცდილობდა.

მან Sky News-თან საუბრისას განაცხადა, რომ ადგილზე არსებული უსაფრთხოების პირობები არ სათანადოდ იყო დაცული, რამაც „წითელი ჯვრის“ გუნდი აიძულა მარიუპოლის სამხრეთით, დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით გასულიყვნენ.

ჰუნდტმა აღნიშნა, რომ ამ გზაზე მისი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ლტოლვილები აიყვანეს და წითელი ჯვრის დროშის ქვეშ კერძო მანქანებით შეუერთდნენ კოლონას, რომლითაც 1000-ზე მეტმა მშვიდობიანმა მოქალაქემ ზაპორიჟიემდე მიაღწია.

უკრაინაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, უახლოეს დღეებში მსგავსი ოპერაციები კიდევ უნდა განხორციელდეს. მან ასევე დაადასტურა, რომ ორგანიზაცია კავშირშია რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებასთან, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო გადასვლის შეთანხმება.
| Print |