რეგიონი
უკრაინელი ბავშვების თითქმის ორმა მესამედმა საცხოვრებელი დატოვა
უკრაინელი ბავშვების თითქმის ორმა მესამედმა საცხოვრებელი დატოვა, - აღნიშნულ ინფორმაციას გაეროს ბავშვთა ფონდი, UNICEF-ი ავრცელებს.

ამასთან, გაეროს ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად გარდაცვლილ არასრულწლოვანთა რიცხვი გაცილებით აღემატება ოფიციალურად დადასტურებულ ბავშვთა გარდაცვალების 142 შემთხვევას.

მანუელ ფონტეინმა, UNICEF-ის გადაუდებელი პროგრამების დირექტორმა, რომელიც უკრაინაში ვიზიტით იმყოფებოდა, აღნიშნა, რომ 7,5 მილიონი უკრაინელი ბავშვიდან 4.8 მილიონი ამ დროისთვის იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.

„3,2 მილიონი ბავშვიდან, რომლებიც, სავარაუდოდ, სახლებში დარჩნენ, თითქმის ნახევარს შეიძლება საკვების ნაკლებობის საფრთხე ემუქრებოდეს“, - განუცხადა ფონტეინმა გაეროს უშიშროების საბჭოს.

მან ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, მარიუპოლსა და ხერსონში ვითარება უარესი იყო, რადგან არ იყო წყალი და სანიტარული მომსახურება, თანაც შეფერხებული იყო საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება.

ამასთან, გაეროში უკრაინის ელჩმა, სერგეი კისლიცამ განაცხადა, რომ რუსეთმა 121 000-ზე მეტი ბავშვი უკრაინიდან გაიყვანა.
| Print |