რეგიონი
2022 წელს აღლუმი მიეძღვნება გამარჯვების 77 წლისთავს - 9 მაისს მოსკოვში უცხო ქვეყნის ლიდერები არ ჩავლენ
9 მაისს მოსკოვში ტრადიციულ სამხედრო აღლუმზე დასასწრებად არ ჩავლენ უცხო ქვეყნების ლიდერები. კრემლმა არავინ დაპატიჟა, რადგან ეს არ არის საიუბილეო წელიო, - აღნიშნა ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

აღლუმს ამჯერად არ დაესწრება არც ბელარუსის დე-ფაქტო ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა.

რუსეთში უცხოელ ლიდერებს თითქმის ყველა საცხრამაისო აღლუმზე პატიჟებენ. ამ მხრივ ყველაზე წარმომადგენლობითი იყო 2005 წელი, როდესაც რუსეთმა აღნიშნა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 60-ე წლისთავი. მაშინდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებ ჯორჯ ბუში და ჟაკ შირაკი, გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი, ჩინეთის ლიდერი ჰუ ძინტაო, იტალიისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრები სილვიო ბერლუსკონი და ძიუნიტირო კოიძუმი.

2015 წელს გამარჯვების 70 წლისთავის აღლუმი ჩატარდა ყირიმის ანექსიის შემდეგ, რის გამოც ღონისძიება უგულებელყვეს დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა. მომდევნო წლებში თითქმის ყოველწლიურად რუსეთთან დაახლოებული რომელიმე სახელმწიფოების ერთ-ერთი ლიდერი მაინც ჩადიოდა მოსკოვში. გასულ წელს წითელ მოედანზე მავზოლეუმის წინ ტრიბუნაზე პუტინის გვერდით იდგა ტაჯიკეთის პრეზიდენტი, ემომალი რაჰმონი.

2022 წელს აღლუმი მიეძღვნება გამარჯვების 77 წლისთავს. სააგენტო "რია-ნოვოსტის" ცნობით, წლევანდელ სამხედრო აღლუმში 11 ათასი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობა იგეგმება.
| Print |