რეგიონი
კრემლმა მოლდოვაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთი ახალი ფრონტის გახსნას უკრაინის წინააღმდეგ მოლდოვადან შეეცდება, - ინფორმაციას The Times-ი უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გვჯერა, რომ კრემლმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება მოლდოვაზე თავდასხმის შესახებ. მოლდოვას ბედი ძალიან გადამწყვეტია. თუ რუსები დაიწყებენ კონტროლის აღებას, ჩვენ ვიქნებით უფრო მარტივი სამიზნე სამხედრო თვალსაზრისით და უკრაინას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება,“ - განაცხადა წყარომ გამოცემასთან საუბარში.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა შესაძლოა სცადოს მოლდოვაში შეჭრა 9 მაისის შემდეგ, როდესაც რუსეთი აღნიშნავს „გამარჯვების დღეს“. ამ დღეს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა გამოაცხადოს დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რაც გამოიწვევს "დონბასის სცენარის" განვითარებას და პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას.

წყაროს განმარტებით, მოლდოვაზე კონტროლის დაწესება გამოიწვევს რუსეთის ჯარების გადაადგილებას ოდესის შავი ზღვის პორტში.

ამავე დროს, გამოცემა აღნიშნავს, რომ ინფორმაცია არ ემთხვევა დასავლური დაზვერვის შეფასებებს, რომლის თანახმადაც რუსეთს არ აქვს საკმარისი შესაძლებლობები ამ მარშრუტის უსაფრთხოდ დასასრულებლად ოდესის რეგიონში უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ მისი თვითმფრინავების ჩამოგდების რისკის გარეშე. ასევე, საბრძოლო მასალის გადასატანად და ჯარების გადასაყვანად, რუსეთს სჭირდება სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებული ხერსონიდან მიკოლაივის და ოდესის რეგიონების ნაწილის გავლით.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია, მოლდოვას და მის პრეზიდენტს, მაია სანდუს კი სოლიდარობას უცხადებს.

"ევროპის დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობა არის საფრთხე ნებისმიერი ჩვენგანისთვის". - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.


25-26 აპრილს მოლდოვაში სამი აფეთქება მოხდა. 25 აპრილს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონის "დედაქალაქ" ტერასპოლში ე.წ. უსაფრთხოების სამინისტროს შენობას. 26 აპრილს კი 2-მა აფეთქებამ სოფელ მაიაკში საბჭოთა პერიოდის რადიო ანძები დააზიანა.

26 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე - დნესტრისპირეთზე სარაკეტო თავდასხმას ამზადებს, რამაც შესაძლოა, მოქალაქეებს შორის მსხვერპლიც გამოიწვიოს.

დნესტრისპირეთი უკრაინას ესაზღვრება. ის მოლდოვის ტერიტორიაა, რომელიც 1992 წლიდან რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მას სეპარატისტული "ხელისუფლება" მართავს. დნესტრისპირეთში 470 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. აქ რუსეთს 1500 სამხედრო ყავს განლაგებული, რომელთაც "სამშვიდობოებს" უწოდებს, თუმცა, არის ეჭვი, რომ მათ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებენ.
| Print |