რეგიონი
უკრაინა ევროვიზია 2022-ის გამარჯვებულია
უკრაინა „ევროვიზია 2022“-ის გამარჯვებულია. „კალუშის“ ბენდი სიმღერით Stefania 631 ქულით პირველ ადგილზე გავიდა.

გამოსვლის ბოლოს ჯგუფმა მსოფლიოს მიმართა, დაეხმარონ უკრაინას.

„გთხოვთ დაეხმარეთ უკრაინას, დაეხმარეთ მარიუპოლს, დაეხმარეთ აზოვსტალს ახლავე“, - აღნიშნეს მათ.

„ტელეგრამის“ საკუთარ არხზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა „კალუშის“ ბენდს გამარჯვებისთვის და ასევე, ყველას, ვინც კონკურსში ხმა უკრაინას მისცა.

უკრაინის პრველმა პირმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა მომავალი წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი უმასპინძლოს.

„დარწმუნებული ვარ, მტერთან ბრძოლაში ჩვენი გამარჯვებული აკორდი შორს არ არის“, - დასძინა ზელენსკიმ.

კონკურსის გამარჯვებული ტრადიციულად მომდევნო წლის ფინალს მასპინძლობს, თუმცა იმის გამო, რომ უკრაინაში ჯერ კიდევ სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, უცნობია სად გაიმართება ევროვიზია 2023 წელს.

იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ სიმღერის კონკურსში მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთი გავიდა, რაც 1998 წლის შემდეგ ქვეყნის საუკეთესო შედეგია.

საქართველოს ხალხმა (მაყურებელმა) უკრაინას მაქსიმალური 12 ქულა მიანიჭა. საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ კი - 6.

საქართველოს 2022 წლის ევროვიზიაზე მუსიკალური ჯგუფი Circus Mircus წარმოადგენდა, რომელიც ფინალში ვერ გადავიდა.

2022 წლის ევროვიზიის კონკურსი ტურინში გაიმართა და მასში 40-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

„ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს“, - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
| Print |