რეგიონი
ევროკავშირის ქვეყნებმა ვერ გაართვეს თავი საშუამავლო მისიას - უნგრეთის პრემიერი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, რუსეთთან და უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროკავშირს ახალი სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ევროკავშირის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა არ გაამართლა და უკრაინას რუსეთთან ომის მოგების შანსი არ აქვს. ორბანის მიერ რუმინეთში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებები მოჰყავს Reuters-ს. ორბანი ბეილე ტუშნადს სტუმრობდა რუმინეთში, სადაც საზაფხულო თავისუფალი უნივერსიტეტი ყოველწლიურ შეხვდრებს მართავს.

უნგრეთის პრემიერის თქმით, ახალი სტრატეგია სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა ბრძოლის ველზე გამარჯვების მიღწევაზე.

ორბანის თანახმად, დასავლეთის ამჟამინდელი სტრატეგია უკრაინის მიმართ აიგო „ოთხ საყრდენზე“: რწმენაზე, რომ დასავლური იარაღის მიწოდება დაეხმარებოდა კიევს ომის მოგებაში, სანქციების ეფექტიანობის რწმენაზე, და რომ ისინი უფრო მეტად დააზარალებდა რუსეთს, ვიდრე ევროპას. ასევე იმის რწმენაზე, რომ დასავლეთის ქმედებებს მთელი მსოფლიო დაუჭერდა მხარს. უნგრეთის პრემიერის თქმით, სანქციების შედეგი იყო მხოლოდ ენერგიის ფასების ზრდა და პოლიტიკური არასტაბილურობა, უკრაინის გამარჯვება კი შეუძლებელია „მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის არმიას ასიმეტრიული უპირატესობა აქვს“.

ორბანს მიაჩნია, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს ომის დასრულება შეეძლებოდათ. მან ფაქტობრივად გაიმეორა კრემლის არაერთი თეზისი და, კერძოდ, გაიხსენა მოსკოვის მოთხოვნები ე.წ. „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ, რომლებიც წამოყენებული იყო უკრაინაში კრემლის შეჭრამდე. ორბანის თქმით, დასავლეთის უარი ამ „გარანტებზე“ იყო მიზეზი იმისა, რომ რუსეთმა მიზნების მიღწევა იარაღის ძალით დაიწყო. უნგრეთის ლიდერი თვლის, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ვერ გაართვეს თავი საშუამავლო მისიას და ახლა მხოლოდ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებას შეუძლია კონფლიქტის მოგვარება.

ორბანმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს რომ დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობდეს, გერმანიას კი - ანგელა მერკელი, ომი არ იქნებოდა, რადგან ისინი სერიოზულად მიიღებდნენ მოსკოვის მოთხოვნებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო არ დაეთანხმა ორბანის მოსაზრებებს და აღნიშნა, რომ სანქციებმა „მნიშვნელოვნად შეამცირა რუსული სამხედრო მანქანის შესაძლებლობა, აწარმოოს უკრაინის წინააღმდეგ ომი.“

მისი თქმით, „ფუჭია იმედი, რომ კრემლს დათმობა ან დამშვიდება წაახალისებს და თავის აგრესიულ მადას დაიკმაყოფილებს“.

მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა - ევროკავშირის მხარდაჭერით - გაიმარჯვებს.

ორბანი ითვლება კრემლთან ყველაზე ახლოს მდგომ ევროპელ ლიდერად. უნგრეთი შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ოფიციალურად დაგმო რუსული აგრესია. თუმცა, ის არ აწვდის უკრაინას იარაღს და ასევე დაბლოკა მთელი რიგი სანქციები - კერძოდ, უნგრეთის დაჟინებული მოთხოვნით, არ დაწესდა რუსეთიდან ევროკავშირში მილსადენით ნავთობის მიწოდების აკრძალვა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო ხუთშაბათს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია მოსკოვს, სადაც მოლაპარაკება გამართა რუსული გაზის მიწოდების გაზრდაზე.
| Print |