რეგიონი
"რუსი დამპყრობლებისგან უკრაინის ტერიტორიის ათასობით კმ. გავათავისუფლეთ" - უკრაინის გენშტაბი
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან უკრაინის ტერიტორიის ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

"ზოგიერთი მიმართულებით თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა მტრის თავდაცვაში 50 კმ სიღრმეზე შეაღწიეს. ხარკოვის ოლქში რუსების მიერ ოკუპირებული 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს ან კონტროლი დაამყარეს", - აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, უწყებაში ახადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინის სახმელეთო ჯარების სარაკეტო ძალებმა და არტილერიამ გაანადგურა სხვადასხვა დონის 18 სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალისა და საწვავ-საპოხი მასალების 20-ზე მეტი საწყობი.

„ასევე, დარტყმები მიაყენეს მტრის ცოცხალი ძალის, საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო დანაყოფების კონცენტრაციის ტერიტორიებს“, - აცხადებენ გენშტაბში.

ხარკოვის ოლქში, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბალაკლეიაში უკრაინის დროშა აღმართეს, - ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამში“ წერს.

„დღეს, სამხედროებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის ალექსანდრ სირსკის ხელმძღვანელობით, უკრაინის დროშა აღმართეს“, - წერს სინეგუბოვი.

რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქი იზიუმი და ხარკოვის ოლქის სხვა დასახლებები დატოვეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ინფორმაციის მინისტრის პირველი მოადგილე დანილ ბესონოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

”დიახ, რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს იზიუმი, ისევე როგორც ხარკოვის მიმართულებით სხვა დასახლებები. რა თქმა უნდა, ეს ცუდია“, - წერს ბესონოვი „ტელეგრამზე“.

მოგვიანებით, 25-ე ცალკეულმა საჰაერო სადესანტო ბრიგადამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც უკრაინელი დამცველები აცხადებენ, რომ ისინი იზიუმში იმყოფებიან.
| Print |