რეგიონი
"არასოდეს ვაპატიებთ, ყველა დამნაშავეს დავსჯით" - ბუჩას გათავისუფლებიდან 1 წელი გავიდა
კიევის ოლქის ქალაქ ბუჩას ოკუპანტებისგან გათავისუფლებიდან 1 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც თან ახლავს ვიდეომასალა, რომელშიც რუსების მიერ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულებია ასახული.

ზელენსკი წერს, რომ ოკუპაციის დროს რუსმა დამპყრობლებმა ქალაქში 1 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და 9 000-მდე სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს.

"ბუჩა და ბუჩას რაიონი. ოკუპაციის 33 დღე. დაიღუპა 1 400-ზე მეტი, მათ შორის 37 ბავშვი. 175-ზე მეტი ადამიანი იპოვეს მასობრივ საფლავებსა და წამების კამერებში. ომის 9 000 დანაშაულის ფაქტი. 365 დღე მას შემდეგ, რაც ის კვლავ თავისუფალი უკრაინული ქალაქია. ოკუპანტი ქვეყნის ჯარის ბოროტმოქმედების სიმბოლო. ჩვენ არასდროს ვაპატიებთ. ჩვენ ყველა დამნაშავეს დავსჯით",
- წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 31 მარტს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ქალაქი ბუჩა რუსული ოკუპაციისგან. ქალაქი 33 დღის განმავლობაში იყო ოკუპირებული.

ბუჩაში ოკუპანტებმა არაადამიანური სისასტიკე ჩაიდინეს: ქალებს აუპატიურებდნენ და ქმრებს ხოცავდნენ. დაფიქსირებულია მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტის, წამებისა და გაუპატიურების, ასევე ძარცვის ფაქტები.

დეოკუპაციის შემდეგ, კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში უამრავი ცხედარი და სამარხები აღმოაჩინეს. არსებობენ მოწმეებიც, რომლებიც ბუჩაში რუსეთის მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე ყვებიან.
| Print |