დღის ფრაზა
ღმერთმა დაიხსნას ყოველი ქრისტიანი რუსეთის ბრჭყალებიან ხელში ჩავარდნისაგან - ილია ჭავჭავაძე
„აი მოვიდა 15 იანვარიც და ჩემს ღრუბლიანს ცაზედ მაინც არ გამოვიდა მზე. დასწყევლოს ღმერთმა აქაურობა თავის სამინისტროებითა და უნუგეშოებითა. არ იქნა არა და ჩვენი უსტავი ვერ გადავიდა „გოსუდარსტვენნი სოვეტში“.

არ ვიცი, ღმერთმა იცის, რა ვქნა, რაც ღონისძიება ხელთა მაქვს ყოველისფერსა ვხმარობ, მაგრამ რას უზამ იმისთანა ხალხს, რომლებისთვისაც ღმერთს არც მოტვლეპილს კეფაში ტვინი ჩაუდვია და არც მყრალს გულში გრძნობა. მატყუებენ, მატყუებენ და მაგ მოტყუებას ბოლო არა აქვს.

ღმერთმა დაიხსნას ყოველი ქრისტიანი ამათ ბრჭყალებიან ხელში ჩავარდნისაგან. ვერ წარმოიდგენ, რა ხალხია. ღმეჭია, ღრეჭია, ფლიდი და მურტალი, ერთი ერთმანეთს ასხედან და რუსეთის იმპერიის საქმეს აწარმოებენ.

საშინელი მდგომარეობაა ჩემი: სირცხვილით ვერ წამოვსულვარ და მწუხარებით ვერც აქ დავმდგარვარ. არ ვიცი რა ვქნა, წამოვიდე, ყბად ამიღებენ, არც წამოვიდე კიდე - შენი მაგრე ყოფნა და ჩემი უშენოდ გდება გულს მიწამლავს”
- წერდა ილია ჭავჭავაძე მეუღლეს - ოლღა გურამიშვილს პეტერბურგიდან.

| Print |