რეგიონი
300 ლარი ბევრი არაა, მაგრამ დავრეგისტრირდები - საზღვარგარეთ, სეზონურად დასაქმებულები ერთჯერად დახმარებას მიიღებენ

 

საზღვარგარეთ, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული მოქალაქეების პროტესტის შემდეგ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ერთჯერადი დახმარება ამ კატეგორიის პირებისთვისაც მიეცა. მიუხედავად იმისა, რომ თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია 30 ივნისს დასრულდა, სარეგისტრაციო ფორმა 15 ივლისამდე, სწორედ სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულებისთვის გააქტიურდა.

პრობლემა სამცხე-ჯავახეთში განსაკუთრებით, ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს აქვთ, რადგან ჯავახეთში მცხოვრები მამაკაცები ოჯახებს რუსეთში, სეზონური სამუშაოდან მიღებული გასამრჯელოთი არჩენდნენ. 300-ლარიანი დახმარების მისაღებად ორი პირობა არსებობს - მოქალაქე 2019 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით, საზღვარგარეთ 30-დან 120 დღის განმავლობაში უნდა იყოს ნამყოფი, ან 2019 წლის განმავლობაში უნდა უფიქსირდებოდეს 60 ან მეტი საზღვრის კვეთა.
რამდენ ადამიანზეა გათვლილი დახმარება და ვინ უზრუნველყოფს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ სომხურენოვანი მოსახლეობის ინფორმირებას - ეს კითხვები დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დავუსვით, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ ამ საკითხის შესახებ დეტალები არ იციან და ჯერ ვერ ისაუბრებენ.

სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულები რომ დახმარების მიღმა დარჩნენ, ამაზე „მეცხრე არხმა“ სიუჟეტი ცოტა ხნის წინ მოამზადა.

წელს რუსეთში ვერ მივდივართ - სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულები შემოსავლის გარეშე დარჩნენ


| Print |