რეგიონი
"აზერბაიჯანმა შესაძლოა საქართველოს 2008 წლის გამოცდილება გაიმეოროს" - დეპუტატი ელმან მამედოვი
აზერბაიჯანი რუსი სამშვიდობოების მეთაურს გენერალ-მაიორ ანდრეი ვოლკოვს სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების მხარდაჭერაში ადანაშაულებს და მის შეცვლას დაჟინებით მოითხოვს.

ბოლო დღეებში ვითარება მკვეთრად დაიძაბა მთიანი ყარაბაღის იმ ნაწილში, სადაც დროებით რუსული სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის ფაქტებს პერიოდულად აფიქსირებენ.

აზერბაიჯანის პარლამენტის წევრის, ელმან მამედოვის თქმით, რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში განლაგების პირველივე დღიდან საფრთხის წყაროა.

„გახსოვთ, რა მოხდა საქართველოში 2008 წელს? რუსი სამხედროები ოსეთში სამშვიდობოების სახით იმყოფებოდნენ. საქართველომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ოპერაციის ჩატარება გადაწყვიტა. მაგრამ რუსეთმა ეს "მიიჩნია" საფრთხედ მისი სამშვიდობოებისთვის. შედეგი ყველასთვის ცნობილია.

ახლა სამშვიდობო მისია ჩვენს ტერიტორიაზეა. ის საფრთხის წყაროა ყარაბაღში განლაგების პირველივე დღიდან. ამ თვალსაზრისით, აზერბაიჯანმა შესაძლოა საქართველოს 2008 წლის მწარე გამოცდილება გაიმეოროს.

მათი ნებართვით, მათი მხარდაჭერითა და მათი დავალებით სომხური ბანდები ახორციელებენ პროვოკაციებს. რათქმაუნდა, ეს პროვოკაციები უპასუხოდ არ რჩება და ასეთ შემთხვევებში სამშვიდობოები იწყებენ მოქმედებას, იქცევიან სამიზნედ. ერთ მშვენიერ დღეს, იგივე პუტინი, რომელიც უკრაინაში შეიჭრა, იტყვის, რომ ყარაბაღში ჩემს ჯარებს საფრთხე ემუქრება და მე უნდა დავიცვა ისინი. ანუ სომხებს შეუძლიათ ოსტატურად ისარგებლონ ამით, დაგვიყენონ პირისპირ და შეიძლება მოხდეს უსიამოვნო მოვლენები“,
- აცხადებს აზერბაიჯაბის პარლამენტის დეპუტატი ელმან მამედოვი.

დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობო კონტიგენტის აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გასვლის უზრუნველსაყოფად სათანადო ზომები უნდა იქნას მიღებული.

JAM news
ასევე ნახეთ:

| Print |