რეგიონი
თურქეთი სომხეთს მოუწოდებს, "მხარი დაუჭიროს" ყარაბაღელი სომხების მიერ ალტერნატიული, აღდამის გზის გამოყენებას
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთს მოუწოდა, მხოლოდ ლაჩინის დერეფნის გახსნის მოთხოვნის ნაცვლად, "მხარი დაუჭიროს" ყარაბაღელი სომხების მიერ ალტერნატიული, აღდამის გზის გამოყენებას. ლაჩინის დერეფანი წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა სეპარატისტული რეგიონის სომხეთთან დამაკავშირებელ გზად, სანამ ბოლო კვირების განმავლობაში მას აზერბაიჯანი დაბლოკავდა.

რადიო ,,თავისუფლების" ინფორმაციით, თურქეთმა 14 აგვისტოს ერევანს ასევე მოუწოდა, "თავი შეიკავოს პროვოკაციული ნაბიჯებისგან, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანის ძალისხმევას [ყარაბაღელი] სომხების ინტეგრაციის პროცესში".

ანკარა აცხადებს, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს ლაჩინის გზის გარშემო მიმდინარე დისკუსიებს და ხაზს უსვამს, რომ "ესმის აზერბაიჯანის ლეგიტიმური შეშფოთება ამ საკითხზე".

განცხადების თანახმად, "თურქეთი თვლის, რომ ლაჩინის გზასთან დაკავშირებით არ არსებობს აზერბაიჯანის კრიტიკის მიზეზი".

თურქეთი აზერბაიჯანის ტრადიციული მოკავშირეა და ბაქოს პოლიტიკურად ხანგრძლივი დროის განმავლობაში უჭერს მხარს მთიანი ყარაბაღის საკითხთან მიმართებით.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყარაბაღის ტერიტორია აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. რეგიონის მოსახლეობა ძირითადად ეთნიკური სომხებისგან შედგება. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქო არ აკონტროლებდა რეგიონის დიდ ნაწილს. სომხური თემის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არცერთმა ქვეყანამ, მათ შორის სომხეთმაც არ აღიარა.

2020 წლის შემოდგომაზე ხანმოკლე ომის შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით მოაწერეს ხელი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას. ხელშეკრულების თანახმად, რომელმაც ერევანში ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია, ბაქომ დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე და აზერბაიჯანის მიმდებარე რეგიონებზე, რომლებიც 1990-იანი წლების დასაწყისში დაიკავეს სომხურმა ჯარებმა. რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.
| Print |