რეგიონი
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით, მოსკოვის დროით 10:20 საათისთვის 2.89 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე, ელა პამფილოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პამფილოვას განცხადებით, ვადამდელი ხმის მიცემის შესაძლებლობით თითქმის 2.6 მილიონმა ამომრჩეველმა ისარგებლა.

ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, დისტანციურად, ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურით, ამ დრომდე საკუთარი არჩევანი მილიონზე მეტმა მოქალაქემ დააფიქსირა.

ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამ დღეს გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს. არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი მონაწილეობს: ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან“, ნიკოლაი ხარიტონოვი „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან“ და ვლადისლავ დავანკოვი „ახალი ხალხის“ პარტიიდან. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არც ერთი რეალური ოპოზიციური და ომის მოწინააღმდეგე კანდიდატი არ დაარეგისტრირა.

71 წლის პუტინი, რომელიც რუსეთის ფედერაციას 24 წელია მართავს, პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას მეხუთე ვადით, კიდევ 6 წლით, აპირებს.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმის მიცემისთვის 94 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი შეიქმნა და დაახლოებით 113.5 მილიონი ბიულეტენი დამზადდა. რთულად მისადგომ ადგილებში 25 თებერვლიდან ვადამდელი კენჭისყრა იმართებოდა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს ანექსირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ეჭვი არავის ეპარება, რომ პუტინი მეხუთედ გახდება რუსეთის პრეზიდენტი.

  • რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი ოთხწლიანი ვადით

  • პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს

  • 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა ექვს წლამდე გაიზარდა
ვლადიმირ პუტინი პირველი ექვსი წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა 2012 წელს, მეორედ კი - 2018 წელს.
2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც, პუტინს კენჭისყრის შესაძლებლობა მიეცა კიდევ ორი ვადით - 2024 და 2030 წლებში.


კიევმა მოუწოდა უკრაინელებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ან იძულებულნი არიან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, „არ მიიღონ მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის „ფსევდოარჩევნებში“.
| Print |