რეგიონი
სომხეთი არ აპირებს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დათმობას - ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში სამთავრობო საათზე განაცხადა, რომ სომხეთი „არ აპირებს საკუთარი, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დათმობას“ - ამის შესახებ სომხური გამოცემა ,,არმენპრესი" იტყობინება.

„ჩვენ უნდა დავაზუსტოთ, რას ვთმობთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი და არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ მე ვარ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და საერთაშორისო დონეზე დაფიქსირებული შეთანხმება არის ის, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა“, — განაცხადა ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, როცა ფრაქცია „ჰაიასტანის“ დეპუტატმა ლევონ ქოჩარიანმა აღნიშნა, რომ სომხური მხარე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში მუდმივად დათმობებზე მიდის, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს იღებს, პირიქით".

ფაშინიანმა ისიც აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკაში არის ტერიტორიები, რომლებიც ამჟამად ოკუპირებულია. 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის თანახმად, ყოფილი სსრკ ქვეყნები უნდა აღიარებდნენ ერთმანეთის სახელმწიფო საზღვრებს.

,,ეს არის სომხეთის ტერიტორია „ალმა ათის“ 1991 წლის დეკლარაციის საფუძველზე. ეს არის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია და სომხეთი არ აპირებს საკუთარი, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის არავისთვის დათმობას. ვფიქრობ, ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს“, – განაცხადა ფაშინიანმა და დასძინა, რომ სომხეთის რესპუბლიკაში არის ტერიტორიები, რომლებიც ამჟამად ოკუპირებულია.

8 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მიროზიანმა თურქულ საინფორმაციო სააგენტო „Anadolu-სთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთს სურს, ალმა-ათის დეკლარაცია აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტში შევიდეს, მაგრამ ამ საკითხზე ერევანმა ბაქოსგან ვერ მიიღო დადებითი პასუხი.

მიროზიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის განზრახვას, გამოიყენოს აზერბაიჯანთან მოლაპარაკების პროცესისგან შემოთავაზებული ყველა შესაძლებლობა, სამშვიდობო დღის წესრიგისადმი ერევანის ერთგულების დასადასტურებლად.

„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროცესს კავკასიასა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების მიზნით,“ — განაცხადა მიროზიანმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის არაერთი უთანხმოებაა, მაგრამ ზოგიერთ მათგანზე შეთანხმება მიღწეულია.

მიროზიანის თქმით, ორ ძირითად საკითხზე მხარეებს განსხვავებული მიდგომები აქვთ. ამ საკითხებიდან პირველი ეხება ორ ქვეყანას შორის საზღვრების განსაზღვრის პრინციპს, ხოლო მეორე — რეგიონულ კომუნიკაციებსა და სატრანსპორტო მარშრუტებს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამ დრომდე არ არის ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება, რომელზეც მხარეები 2023 წლის შემოდგომიდან მუშაობენ.
| Print |