პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა
საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. ვასილ მაღლაფერიძემ შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს.
ვასილ მაღლაფერიძის განცხადებას პირველი არხი ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მიმაჩნია, რომ 2017 წლიდან საქართველოს პირველმა არხმა ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რაც განაპირობა ჩემი კოლეგების მაღალმა პროფესიონალიზმმა და გუნდურმა მუშაობამ. არხზე დავიწყეთ მაღალი ხარისხის მეგაშოუების, მუსიკალური და შემეცნებითი გადაცემების წარმოება, დავიწყეთ სერიალების გადაღება, შემოდგომაზე მაყურებელი ნახავს ორ ქართულ სერიალს და ეს პროცესი უწყვეტად გაგრძელდება. ასევე, დავიწყეთ ანიმაციური ფილმების გადაღება და შემოდგომაზე მაყურებელი იხილავს პირველ სეზონს, ოცსერიან ქართულ ანიმაციურ ფილმს ბავშვებისთვის. ვაგრძელებთ დოკუმენტური ფილმების და დოკუმენტური სერიალების გადაღებას. უკვე გამოვაცხადეთ სცენარების მიღება და ვიწყებთ მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო ფილმების გადაღებას.
რადიოს შესახებ – 2017 წლამდე, საქართველოს რადიოს სიგნალის მიღება იყო ძალიან რთული, მაგალითად, რადიოს პირველი არხის დაჭერა უკვე მცხეთაშიც კი შეუძლებელი იყო, რის გამოც მსმენელი კარგავდა არხის სმენის ჩვევას. წელს დასრულდა 27 ახალი ანძის მონტაჟი და დღეს საქართველოს რადიო ერთადერთია, რომელიც მაუწყებლობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის მაღალმთიან სოფლებში და ძირითად მაგისტრალებზე.
პირველი არხის ვებგვერდი 1tv.ge სულ რაღაც ორწელიწადნახევარში გახდა ერთ-ერთი ლიდერი საინფორმაციო სააგენტო მედიაბაზარზე. სექტემბერში მაყურებელი იხილავს ვებპროექტს „საქართველო 360“, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს შეეძლებათ ვირტუალურად იმოგზაურონ საქართველოში. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დააინტერესებთ როგორც საქართველოს ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ამავე დროს, ძალიან დაეხმარება ახალ თაობას საკუთარი ქვეყნის გაცნობაში. უკვე ვასრულებთ მუშაობას და წლის ბოლოს გაიხსნება განსაკუთრებული სიახლე, ტელევიზია მობილურ ტელეფონში, ეს იქნება ფაქტობრივად მესამე არხი, რომელიც ახალგაზრდებზე იქნება ორიენტირებული.
უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიმაჩნია ტელესკოლის არხის გახსნა, დარწმუნებული ვარ ამ არხზე ბევრ საჭირო და საინტერესო პროექტს ვიხილავთ. პირველი არხისთვის მუდმივ პრიორიტეტად რჩება, რომ არაქართულენოვანი მოსახლეობა სრულფასოვნად იყოს ჩართული მიმდინარე პროცესებში და ამ მიზნით გავხსენით მუდმივმოქმედი პროექტი – მრავალფეროვანი საქართველო, რომელიც, ამავე დროს, წარმოადგენს სასწავლო ლაბორატორიას არაქართულენოვანი დამწყები ჟურნალისტებისთვის.
დაბოლოს ნიუსრუმის შესახებ – ტელევიზიის ტექნიკური მდგომარეობა, რომელიც დამხვდა, იყო სრულიად სავალალო მდგომარეობაში, მორალურად და ფიზიკურად ვადაგასული კამერები, არ იყო საკმარისი განათება, ძალიან ძველი მანქანების პარკი, ყველაზე დიდი სტუდია ჯერ სხვა ტელევიზიაზე იყო გაქირავებული (რაც სავალალო კურიოზია ნორმალური ტელევიზიის პირობებში), შემდეგ კი ტექნიკისგან დაცლილი და უფუნქციოდ მიტოვებული. და ამ მძიმე ფონზეც კი, კატასტროფულად მძიმე იყო ნიუსრუმის მდგომარეობა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტები მუშაობდნენ სიცოცხლისთვის სახიფათო უჰაერობის პირობებში, ხოლო ტექნიკური აღჭურვის ხარისხზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ტელევიზიას არ ჰქონდა არც ერთი პირდაპირი ჩართვის აპარატი. დღეს ინტენსიურად მიმდინარეობს ტელევიზიის ტექნიკური გადაირაღება, გავიარეთ ყველა აუცილებელი პროცედურა და რამდენიმე კვირაში, სექტემბერში დაიწყება ახალი, კომპაქტური და თანამედროვე ტექნოლოგიებთან თავსებადი შენობის მშენებლობა, რომელიც ორ წელიწადში დასრულდება და ქვეყანას ექნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტელევიზია.
აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს სულ უფრო მეტი გადაცემა გადის გარეწარმოებაში, რითაც საქართველოს ტელევიზია ეხმარება გარე სტუდიებს განვითარებასა და გაძლიერებაში. ტელევიზია ასევე მაქსიმალურად მონაწილეობს ქართული ფილმების წარმოებაში და, მათ შორის, განსაკუთრებულად ეხმარება დამწყებ რეჟისორებს.
საქართველოს პირველი არხის სტრატეგიულ კონცეფციად რჩება უსაფრთხო არხის პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ ტელევიზიამ მდაბიო უხამსობით არ უნდა ავნოს მაყურებელს, არხი აწარმოებს მხოლოდ გემოვნებიან და ხარისხიან პროდუქციას, ხოლო ნაყიდი პროდუქცია – ფილმები და გადაცემები გამოირჩევა მაღალი მხატვრული და შემეცნებითი ღირებულებით.
ხარისხიანი და გემოვნებიანი პროდუქციის წარმოებასთან ერთად საქართველოს პირველი არხის მოვალეობაა, მიუკერძოებლად გააშუქოს პოლიტიკური პროცესები და საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს ეჭვი მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო და ნებისმიერ ობიექტურ და თავად მიუკერძოებელ დამკვირვებელს შეუძლია დარწმუნდეს, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მაქსიმალურად მიუკერძოებელი, ჟურნალისტები სარგებლობენ მაქსიმალური თავისუფლებით, და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობით არიან გამსჭვალულები, რათა მაყურებელს არ მიაწოდონ გადაუმოწმებელი და ყალბი ინფორმაცია.
მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ.
საქართველოს პირველმა არხმა უკვე გადალახა ძირითადი დაბრკოლებები და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა – 2020 წლის შემოდგომის სეზონი, რომელიც სექტემბერში დაიწყება, იმის დასტური იქნება, რომ არხის განვითარებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და სეზონიდან სეზონამდე განუხრელად მოიმატებს ხარისხიანი და გემოვნებიანი პროდუქციის წარმოება. არხი, რომელიც ხელოვნურად იყო ჩაყენებული წამგებიან ვითარებაში, რაც მას განვითარების საშუალებას არ აძლევდა, გამოვიდა ინერტული მდგომარეობიდან და წარმატებით შეასრულებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციას. ამ მიზნის მისაღწევად ჩემმა კოლეგებმა და მათ შორის მეც ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ვერ დავუშვებ, რომ ამდენი ადამიანის შრომას ჩრდილი მიადგეს“, – აღნიშნულია ვასილ მაღლაფერიძის განცხადებაში.