ჯანდაცვა
ვიოლეტა ინასარიძის ბრალდებები აბსურდია - მზია კაკოშვილი
„მისი ამ განაცხადით ვარ გაოგნებული“ - ასე გამოეხმაურა ახალციხის კლინიკა „იმედის“ მენეჯერი ამავე კლინიკის ყოფილი ექიმის განცხადებებს. მზია კაკოშვილის თქმით, ვიოლეტა ინასარიძის ბრალდებაზე მას ინფორმაცია არ აქვს. ყოფილი ექიმი კი ირწმუნება, რომ კლინიკამ მას სარჩელის გამოტანის სანაცვლოდ 5000 ლარიანი ანაზღაურება შესთავაზა,

„ეგ არის აბსურდი. ჩემთვის უცნობია. ეგ თემა პირველად გავიგე“ - აცხადებს „იმედის“ მენეჯერი.

მზია კაკოშვილი ასევე აზუსტებს, რომ გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის შემთხვევის შესახებ, მან ინფორმაცია ვიოლეტა ინასარიძისგან მიიღო, რადგან მომხდარის დროს იგი ადგილზე არ იმყოფებოდა.

„თუკი მაგ შემთხვევის გამო, მე რაიმე ინფორმაცია მაქვს, მაქვს ვიოლეტას გადმოცემით. იმიტომ, რომ გასული ვიყავი, დავბრუნდი, სადღაც სამი საათისთვის კლინიკაში. და თუ რა მოხდა, პირველი ვიოლას ვკითხე და მისგან გავიგე ყვლაფერი. რანაირად შემოაბრუნა სიტუაცია, მე მაგაზე ვერ გაგცემთ პასუხს“, - აცხადებს მზია კაკოშვილი.

ვიოლეტა ინასარიძემ ბოლო სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მეგი ბაქრაძის შემთხვევის შესახებ, ჟურნალისტებს ცრუ ინფორმაცია კლინიკის მოთხოვნით მიაწოდა, სადაც აცხადებდა, რომ ექთნის შეუძლოდ გახდომის დროს ადგილზე იმყოფებოდა და ადრენალინიც დროულად გაუკეთა. მოგვიანებით კი პოლიციაში ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია.

ამცრელი კაბინეტის ექიმი ვიოლეტა ინასარიძე ექიმ-რეანიმატოლოგ გიორგი აფციაურთან ერთად, 2021 წლის 1-ელ ივლისს, შინაგანაწესის რამდენიმე პუნქტის დარღვევის ბრალდებით „იმედიდან“ გაათავისუფლეს. ორივე მათგანმა კლინიკის წინააღმდეგ სასამართლო
დავა წამოიწყო.
ასევე ნახეთ:

სარჩელის გამოტანის სანაცვლოდ 5 000 ლარიანი ხელფასი - „იმედის“ შეთავაზება ვიოლეტა ინასარიძეს
| Print |