მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „რადიო თავისუფლებისთვის“ 12 მილიონი დოლარის აღდგენა დაავალა
ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას “რადიო თავისუფალი ევროპისთვის” კონგრესის მიერ გამოყოფილი 12 მილიონი აშშ დოლარის აღდგენა დაავალა.
მოსამართლე როის ლამბერტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციას არ შეუძლია ცალმხრივად გააუქმოს კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსება.
მედიასაშუალების ადვოკატები აცხადებენ, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეწყვიტა თითქმის ყველა კონტრაქტი ფრილანსერ ჟურნალისტებთან, არ გადაიხადა იჯარის ხელშეკრულებები და 122 თანამშრომელი აუნაზღაურებად შვებულებაში გაუშვა. ადვოკატების განმარტებით, თუ დაფინანსება არ აღდგება, 1-ელ მაისს კიდევ უფრო მეტ თანამშრომელს გაუშვებენ აუნაზღაურებად შვებულებაში და კიდევ უფრო მეტი კონტრაქტი გაუქმდება.
“მაისის ბოლოსთვის “რადიო თავისუფლება” იძულებული იქნება გააუქმოს კონტრაქტები, რომლებიც მხარს უჭერს მის ძირითად საინფორმაციო გამოშვებებსა და რეპორტაჟებს. 2025 წლის ივნისში “რადიო თავისუფლება” თითქმის მთლიანად შეწყვეტს თავის საქმიანობას”, - აცხადებენ მოსარჩელე მხარის ადვოკატები.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტ სტივენ კაპუსის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ჟურნალისტები თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ. კაპუსს იმედი აქვს, რომ მედიაკორპორაცია თანხას დაუყოვნებლივ მიიღებს, რადგან აპრილში თანამშრომლების ნაწილი უკვე გაუშვეს იძულებით, ნაწილობრივ ანაზღაურებად შვებულებაში და შეამცირეს პროგრამების მოცულობა რეგიონებისთვის, რომლებსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
მთავრობის ადვოკატების მტკიცებით კი მოსამართლეს არ აქვს იურისდიქცია იმაზე, რაც კონტრაქტთან დაკავშირებულ დავას წარმოადგენს და ის ფედერალური სარჩელების სასამართლოს განსახილველად უნდა იქცეს.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება დამოუკიდებელი მედიაკორპორაციაა, რომელიც 1953 წელს დაარსდა და აშშ-ის კონგრესის მიერ ფინანსდება გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ყოველკვირეული აუდიტორიაა თითქმის 50 მილიონი ადამიანი 23 ქვეყანაში 27 ენაზე.
რადიო თავისუფლების ქართულმა სამსახურმა მაუწყებლობა 1953 წლის 18 მარტს დაიწყო.