სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო სპეციალური სამალავით, სომხეთის მიმართულებით გადაკვეთა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა.
ამასთან, შსს-ს განმარტებით, ბაჩიაშვილმა სომხეთში ჩასვლის შემდეგ, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე წარუდგინა.
გიორგი ბაჩიაშვილს კიდევ ერთი ბრალი, პროკუურატურამ 25 თებერვალს ,,მტკვარი ჰესის" საქმეზეც წარუდგინა. საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
ბიძინა ივანიშვილმა ასპინძის და ახალციხის მუნიციპალიტეტებზე მდებარე „მტკვარი ჰესი“ გაყიდა, რომლის მშენებლობაში 236 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია იყო ჩადებული. ჰესის მშენებლობის დასრულების ვადა არაერთხელ გადაიდო. სამშენებლო სამუშაოები უკვე 10 წელია მიმდინარეობს.
გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანები, გამოიყენა“. ბაჩიაშვილის თქმით, ამ დროისთვის, ევროპაში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები.
გააზიარეთ :