საზოგადოება
აბასთუმანში ხანძრის შედეგად დაზარალებულები სხვადასხვა სახლებში განთავსდნენ
დაბა აბასთუმანში, ორსართულიან შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სახლი შვიდ ოჯახს დაეწვა. ადიგენის მერის ზაქარია ენდელაძის თქმით, ალტერნატიული საცხოვრებელი ამ ეტაპზე მხოლოდ ერთმა მოითხოვა.

„ერთ პიროვნებას სჭირდება განსახლება, სხვა მომართვა არ გვაქვს ჯერ, თუ კიდევ გამოჩნდება ვინმე, მუნიციპალიტეტი მზადაა ყველას აღმოვუჩინოთ დახმარება. ბინების ნაწილი დაკეტილი იყო და არავინ ცხოვრობდა. რამდენიმე სახლი აბასთუმნის რეაბილიტაციაზე დასაქმებულ მუშებს ჰქონდათ ნაქირავები, ისინი სხვა ბინას იპოვიან და გადავლენ“, - ამბობს ზაქარია ენდელაძე.

აბასთუმანში, ასათიანის #29-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ცეცხლი გუშინ, 21 ივნისს საღამოს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად რამდენიმე სახლი სრულად დაიწვა, პირველ სართულზე განლაგებული ბინები კი საცხოვრებლად უვარგისია.

დაგეგმილი იყო ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რათა სახლს პირვანდელი სახე შეენარჩუნებინა. ადიგენის მერის თქმით, აღდგენითი სამუშაოები დაჩქარდება.

| Print |