ეკონომიკა
პანდემიით გაღარიბებული მოსახლეობისთვის „შეღავათით“ დამძიმებული ვალდებულებები
რეგულაციებითა და შეღავათებით შეცვლილი ცხოვრება, მომავლის შიში და გაურკვევლობა - ასე იხსენებენ ახალციხეში 2020 წლის გაზაფხულს. 2021 წლის შემოდგომაზე კი წიწილების ნაცვლად, ითვლიან ზარალს, რომელიც ამ რეგულაციებითა და საბანკო „შეღავათებით“ მიადგათ.

ახალ რეალობას მარინა ნარიაშვილი სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. დანარჩენებივით გაუაზრებლად და ზედმეტი კითხვების გარეშე მიიღო სახელმწიფოს მიერ გამკაცრებული წესები. გეგმები კი სხვაგვარი ჰქონდა. საოჯახო სასტუმროს წარმატებით ამუშავებდა, ამიტომ ოროთახიანი ბინის ყიდვა და საცხოვრებლად გადასვლა გადაწყვიტა. ასე, ჯგუფების ვიზიტის შემთხვევაში, ოჯახის წევრებს საკუთარი ოთახებიდან გამოსვლა აღარ დაჭირდებოდათ. ასეც მოიქცა. სეზონზე ისეთი დატვირთული იყო, დამსვენებლებისთვის უარის თქმა უწევდა. კრედიტიც ამ იმედით აიღო.

კოვიდ19-მა ყველაფერი შეცვალა. ვინაიდან მისი საქმე მხოლოდ ტურიზმზე იყო დამოკიდებული, დაწესებული რეგულაციების გამო, შემოსავლის გარეშე დარჩა. სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, რომელიც საბანკო სექტორმა მომხმარებელს შესთავაზა, იმ დროს ,,შვება აღმოჩნდა“. მოგვიანებით გაარკვია, რომ ,,სამთვიანი შვება“ სესხის 3 000 ლარამდე გაძვირებას ნიშნავდა. ფიქრობს, რომ ხელისფლებამ პანდემიის სწორად მართვა ვერ შეძლო.

,,პატარა საოჯახო სასტუმროები დავიქეცით. კრედიტები გვაქვს ხალხო აღებული, იცით რამხელა? უმრავლესობა ამ დღეში ვართ. გადავადება გაგვიხარდა, იმ პერიოდში იყო ძალიან სასიხარულო, მაგრამ მერე რომ გავიგეთ დანამატი რამდენი იყო, მივხვდით, რომ ამას შეღავათი აღარ ჰქვია“, - ამბობს მარინა ნარიაშვილი.საშეღავათო პერიოდით ისარგებლა ადიგენის სოფელ გომაროში მცხოვრებმა ნორა შამანაძემაც. მეუღლის ავადმყოფობის გამო, 2018 წელს, 2 000 ლარის ოდენობით საპენსიო სესხი გამოიტანა.

,,მგონი 30% თუ 40 %-ში ავიღე, არ ვიცი ზუსტად. მეუღლეს სიმსივნე ჰქონდა და მეჩქარებოდა, მაგას ვინღა დაეძებდა. მის მერე ვიხდი და ვერ დავამთავრე გადახდა. წესით ოთხწლიანი ვადა მქონდა, მაგრამ პანდემია რომ დაიწყო, ძალიან გაჭირვებულად ვიყავით და გავაჩერე სამი თვე. მერე ბანკიდან მითხრეს, რომ 600 ლარი შეგიძლია კიდევ გაიტანოო. მრავალშვილიანი შვილი მყავს, აღარაფერი მქონდა და გამოვიტანე ეგეც“, - ამბობს 70 წლის ნორა შამანაძე.

ლიბერთი ბანკის მიერ შეთავაზებული 600 ლარის გამოტანის შემდეგ, ყოველთვე კვლავ 80 ლარს იხდის. კრედიტს სამ წელიწადში დაასრულებს. ,,ასე მითხრეს, პროცენტი ვერ ფარავს უფრო ადრე და ამიტომ გაგიგრძელდათო“.

პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების გამო მოსახლეობამ საბანკო შეღავათები ორ ეტაპად მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით, სამთვიანი საშეღავათო პერიოდით პირველ ეტაპზე 600 000-მა, მეორე ეტაპზე კი თითქმის 150 000-მა მოქალაქემ ისარგებლა.

პანდემიის არასწორი მართვის შედეგებზე მასპინძელი ბიზნესის წარმომადგენლები „მეცხრე არხთან“ ჯერ კიდევ 2021 წლის გზაფხულზე საუბრობდნენ. სასტუმროების მეპატრონეები მას შემდეგ ვითარების გაუარესებაზე ჩივიან. უმეტესობამ მუშაობა ვერ განაახლა. სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის დამფუძნებლის აზრით, სახელმწიფოს მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული შეღავათები არაეფექტური იყო.

,,მაისსა და ივნისში, საბანკო ასოციაციასთან გვქონდა შეხვედრები, დავითვალეთ საბანკო სექტორთან ერთად რამდენი სესხი იყო 2020 წელს სტუმარ - მასპინძლობის ბიზნესზე გაცემული. თანხამ 140 მილიონი შეადგინა. ქვეყანამ, რომელმაც 3 მილიარდზე მეტი ვალი აიღო, 140 მილიონი ვერ გამოყო, რომ სესხები ერთი წლით უპირობოდ გადავადებულიყო. ეს ძალიან ბევრ ბიზნესს გადაარჩენდა. სახელმწიფო სესხის 80%-ის სუბსიდირება, კარგია, მაგრამ ჯერ ერთი ის 20% მაინც გადასახდელია, მაშინ როცა ამ ხალხს კომუნალურების გადასახდელად ფული არ ჰყოფნის“, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

პანდემიის შედეგები ყველაზე მძიმედ მოსახლეობის იმ ნაწილზე რომ აისახა, ვისი შემოსავალიც ტურიზმს უკავშირდებოდა, ფინანსისტებიც თანხმდებიან. აქედან გამომდინარე, საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, გადახდის პრობლემა რეგიონებში ყველაზე მეტად ამ ბიზნესის წარმომადგენლებს შეექმნათ.

,,2019 წელთან შედარებით, 2021-ში დაახლოებით 25%-მდე მასპინძელმა ბიზნესმა განაახლა მუშაობა. ცხადია, იყო გარკვეული შეღავათები სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სესხის პროცენტის სუბსიდირება, მაგრამ, როცა ბიზნესი ერთი წელი გაჩერებულია, რა თქმა უნდა, მას ვერანაირი შეღავათი ვერ გადაარჩენს“, - ფიქრობს გიორგი კეპულაძე, „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თაავმჯდომარე.

საშეღავათო ვადის გასვლის შემდეგ, მოსახლეობას სესხის ოდენობა და ვადა გაეზარდა. შედეგად, მსესხებლისთვის ან ყოველთვიური შენატანი უნდა გაძვირებულიყო, ან შენატანის შემცირების ხარჯზე, სესხის ვადა გახანგრძლივებულიყო. კეპულაძის თქმით, საშეღავათო პერიოდი არ გულისხმობდა იმას, რომ ,,ვინმე რამეს აპატიებდა მსესხებელს, თუმცა ძალიან ბევრ მოქალაქეში ამან მაინც გაურკვევლობა გამოიწვია. სამწუხაროდ, ილუზიასავით იყო, რომ ვიღაცა მათ სესხებს ჩამოაწერდა“.

გიორგი კეპულაძის აზრით, ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ ვითარებამდე სახელმწიფოს მხრიდან პანდემიის არასწორმა მართვამ მიიყვანა. ის რამდენიმე მიზეზს ასახელებს:

1. სკოლის დაწყების წინ დარიგდა 200-200 ლარი, მათ შორის მდიდარი ოჯახების შვილებზე, რამაც დაახლოებით ერთ კვირაში ლარის გაუფასურება გამოიწვია;
2. მიზნობრივად არასწორად გათვლილი პროცესების შედეგად ქვეყანაში საშუალო ინფლაციამ თითქმის 13%-ს მიაღწია;
3. განსაკუთრებით გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტი - სურსათი, მედიკამენტი, ტრანსპორტი, საწვავი კი ყველაზე მეტად. ამ ტემპით ფასები ბოლო ათი წელია არ გაზრდილა.
4. ყველაფერი გაძვირდა გაცილებით მეტად, ვიდრე საშუალო ინფლაციის დონეა. შედეგად გაიზარდა ვადაგადაცილებული სესხებისა და სოციალური შემწეობის მიღების მსურველთა რაოდენობა.

საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი ფიქრობს, რომ ეს არის ,,ძალიან მძიმე დარტყმა“, განსაკუთრებით გაჭირვებული მოსახლეობისთვის. მათი შემცირებული შემოსავალი ძირითადად კომუნალურ გადასახადებზე, მედიკამენტებსა და სურსათზე ნაწილდება. შესაბამისად, სესხის დასაფარი თანხა აღარ რჩებათ.

,,ფასები გაიზარდა, მაგრამ ეკონომიკური ზრდა ჩვენს ჯიბეებს არ ეტყობა, ეს რეალურად იწვევს იმას, რომ ადამიანებს სესხზე შესატანი ფული აღარ რჩებათ. შიმშილით ხომ არ მოკვდებიან? საქართველოში 1 800 000-ზე მეტ ადამიანს აქვს სესხი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, ან ლომბარდში, ან კომერციულ ბანკში“, - ამბობს გიორგი კეპულაძე.2020 წლის 13 მარტს, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განმარტა, რომ საბანკო სექტორთან ერთად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ყველა მოქალაქე, მარტიდან მაისის ჩათვლით, სასესხო მომსახურებისგან თავისუფლდება. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ბანკები უახლოესი სამი-ოთხი თვის განმავლობაში, კომპანიისთვის სესხების რესტრუქტურიზაციას უზრუნველყოფენ.

,,ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იურისტ ოთარ კაჭკაჭიშვილის აზრით, საბანკო სექტორისა და პრემიერის ,,ცალსახა და მკაფიო“ განცხადებამ საშეღავათო პერიოდზე, მოსახლეობაში თავდაპირველად კმაყოფილება გამოიწვია.

,,პირველი, ეიფორიული პერიოდის გადასვლის შემდეგ, მოსახლეობას გაუჩნდა კითხვები, ეს თანხები ეპატიათ და შემდეგში მოუწევდათ ამ თანხების გადახდა და თან გაზრდილი სახით მოუწევდათ, თუ არა? ბუნებრივია, ბანკებისგან ასეთივე მკაფიო აღარ ყოფილა შემდგომი განცხადებები, კონკრეტულ საკრედიტო ოფიცრებსა და საბანკო ოპერატორებს დაევალათ პასუხების გაცემა. ცალკე საკითხია, რომ კომუნიკაცია იყო არასათანადო და ბუნდოვანი“.

საადვოკატო ბიუროს დამფუძნებელი ფიქრობს, რომ კომერციულმა ბანკებმა შექმნილი მდგომარეობით ისარგებლეს და მოგებაზე უარი არ თქვეს. ბანკებმა სახელმწიფოს დაასწრეს და სანამ საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდებოდა, კლიენტებს სესხის გადავადება შესთავაზეს. ამით მსესხებლის გარდა, არავის უზარალია.

,,ჩვენი საბანკო ორგანიზაციები გამოირჩევიან მაღალი მოგებით. პანდემიის პერიოდშიც კი, ისინი რეკორდულად მაღალ მოგებაზე გავიდნენ. ვიდრე სახელმწიფო თავის აქტში მოაქცევდა ბანკებისა და საპროცენტო ურთიერთობების საკითხის დარეგულირებას დეკრეტით, მათ პოპულისტური განცხადებებით მოსახლეობის კეთილგანწყობა მოიპოვეს, რამაც ერთგვარად შეზღუდა სახელმწიფო, თავისივე აქტში მოეთავსებინა ურთიერთობის მარეგულირებელი ისეთი ნორმა, რომელიც კომერციულმა ბანკებმა მოჩვენებითად თავის კლიენტებთან დაარეგულირეს. სწორედ იმიტომ დაასწრეს, რომ სარგებელი არ დაეკარგათ“.

იურისტის აზრით, ბანკების ამ გადაწყვეტილებით ორი ცუდი რამ მოხდა:
პირველი - ბანკმა თანხა არ მოითხოვა და გადაავადა, მაგრამ მრიცხველი არ გაჩერებულა. შესაბამისად, დავის შესაძლებლობა მოისპო გადავადებით;
მეორე - საკანონმდებლო აქტში, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო, ბანკების წინსწრები გადაწყვეტილებით, ბანკთან ურთიერთობის რეგულირებაზე აღარაფერი ჩაიწერა, რის საფუძველზეც მოქალაქეები სამართლებრივი დავის წამოწყებას შეძლებდნენ.

მაშინ შესაძლებელი იყო მოსახლეობა სამი თვით სასესხო ვალდებულებისგან გათავისუფლებულიყო, რადგან ფორსმაჟორულ ვითარებაში, რიგი მუხლებით, სახელმწიფო პატიობს ბანკს, თუკი ბანკი აპატიებდა მოქალაქეებს კონკრეტულ ვალს.

,,ცხადია, არავინ იცოდა, რომ დაიწყებოდა პანდემია, მაგრამ ეროვნულ ბანკში, ფორსმაჟორის შემთხვევაში, შემოღებულია მსგავსი ნორმა, რომ კომერციულმა ბანკებმა ასეთ დროს ადამიანებს გაუწიონ შეღავათი. სამწუხაროა, რომ ეს ნორმა არ გაახსენდა საბანკო სექტორს და არც სახელმწიფომ თქვა რამე ამის შესახებ“, - ამბობს ოთარ კაჭკაჭიშვილი.

როგორც კომერციული ბანკების, ასევე სახელმწიფოს ეს ნაბიჯი იურისტში უკმაყოფილებას იწვევს. მიაჩნია, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანეს. მით უფრო, როცა საგანგებო მდგომარეობის დროს, თანხების ამოღების რესურსი არ არსებობს.

,,ჯობდა ეს არ გაეკეთებინათ ბანკებს, რადგან მოსახლეობას სახელმწიფო ისედაც დააპაუზებდა, ოღონდ თანხის და გადასახადების გარეშე, მაგრამ ბანკები სათავისოდ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩდნენ და ცბიერი სვლით, ამ პერიოდშიც კი მოგებაზე უარი არ თქვეს“.იურისტის პოზიციას არ იზიარებს გიორგი კეპულაძე. მისი აზრით, კომერციული ბანკების შეთავაზება მსესხებლებისთვის ბანკებზე მორგებული არ ყოფილა.

,,სახელმწიფოს არავინ უშლიდა რამე შეღავათის გაწევა ან სოციალური დახმარება თუ უნდოდა მოსახლეობისთვის, ეს გაეკეთებინა. ამისთვის ხელისუფლებაში საკმაოდ ფული ისესხეს შარშან. ახლა კი ამბობენ, რომ გახარია ვეღარ მართავდა პროცესს. მოსახლეობამ რა დახმარებაც მიიღო, ის ზღვაში წვეთია“.

„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი ამბობს, რომ საშეღავათო პერიოდი, არც კომერციული ბანკებისთვის იყო მარტივი. დაახლოებით 600 ათასი ადამიანი, რომელსაც სესხად მინიმუმ 100 ლარი შეჰქონდა, რაც თვეში 60 მილიონს უდრის, უცებ გაჩერდა.

,,რეალურად ამ ინიციატივამ თითქმის მილიარდიანი დანაკლისი შეადგინა სამ თვეში და რომ არა ეროვნული ბანკის ჩართულობა, საკმაოდ დიდი დანაკლისი იქნებოდ კომერციული ბანკებისთვის და გაჭირდებოდა ამ შეღავათის გაწევა. უბრალოდ ბანკებმა მსესხებლებს ვალების რესტრუქტურიზაცია შესთავაზეს“.

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანამ ჯამში 3 მილიარდ 500 მილიონი ლარი დახარჯა. მაშინდელი პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, ამ თანხიდან 1.35 მილიარდი ლარი მოქალაქის მიზნობრივი ფინანსურ-სოციალურ მხარდაჭერაზე დაიხარჯა, 2.110 მილიარდი ლარი ეკონომიკასა და მეწარმეებს მოხმარდა. მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კი სახელმწიფოს 350 000 000 ლარი დაუჯდა.

შეიძლებოდა თუ არა, პანდემიის პერიოდში მაინც, ბანკებს მოგებაზე უარი ეთქვათ, ან სახელმწიფოს დაესუბსიდირებინა ხარჯი და გამოიყენებინა მუხლი, რომლითაც ეროვნული ბანკი ფორს მაჟორულ ვითარებაში მოქმედებს? - ამ კითხვებზე პასუხი 70 წლის ნორა შამანიძეს არ აქვს. სამაგიეროდ ზუსტად იცის, რომ ბანკიდან სამკურნალოდ და პანდემიისას ოჯახის გამოსაკვებად გამოტანილი 2600 ლარის დასაფარად 80 ლარი 2024 წლამდე, ყოველთვიურად უნდა იხადოს.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
ამინდი
ახალციხე 5 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
ასპინძა 4 °C
img
ადიგენი 12 °C
img
ბორჯომი 7 °C
img
თბილისი 13 °C
img
აბასთუმანი 1 °C
img
ბაკურიანი 3 °C
img
ნინოწმინდა 2 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6553
RUB
RUB
100
4.4764
TRY
TRY
1
0.3265
USD
USD
1
3.1400
AMD
AMD
1000
6.5842
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.