აპრილში საქართველოში ბენზინისა და დიზელის მოხმარება 20%-ით შემცირდა
2025 წლის აპრილში, საქართველოში 105.8 ათასი ტონა ბენზინისა და დიზელის ტიპის საწვავის იმპორტი განხორციელდა. ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული დოკუმენტიდან ვიგებთ.
აღსანიშნავია, რომ აპრილის თვეში საწვავის მოხმარება, წლიურ ჭრილში, 20.27%-ით არის შემცირებული - გასულ წელს ქვეყანაში 132.7 ათასი ტონა ბენზინ-დიზელი შემოვიტანეთ, წელს კი - 26.9 ათასი ტონით ნაკლები.
მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საწვავის მთავარი იმპორტიორი კვლავ რუსეთია, რომლის წილიც 65.1%-ია - 68.9 ათასი ტონა; რუმინეთიდან 21.1 ათასი ტონის (19.9%) საწვავი იმპორტირდა; ხოლო ბულგარეთიდან - 13.8 ათასი ტონა (13%).
გთავაზობთ ბენზინისა და დიზელი ტიპის საწვავის იმპორტიორ ქვეყნებს, რაოდენობრივი სორტირებით:
რუსეთი - 68.9 ათასი ტონა
რუმინეთი - 21.1 ათასი ტონა
ბულგარეთი - 13.8 ათასი ტონა
არაბთა გაერთიანებული საემიროები - 1.0 ათასი ტონა
აზერბაიჯანი - 0.4 ათასი ტონა
ყირგიზეთი - 0.3 ათასი ტონა
მალტა - 0.3 ათასი ტონა
თურქმენეთი - 0.2 ათასი ტონა
საგულისხმოა ისიც, რომ წლიურად 20.6%-ით არის გაზრდილი რუსეთიდან იმპორტის წილი - თუკი გასულ წელს ამ ქვეყნიდან 59 ათასი ტონა ბენზინ-დიზელი შემოვიტანეთ, რაც საერთო რაოდენობის 44.5%-ს შეადგენდა, წელს ეს რიცხვი 68.9 ათას ტონამდე გაიზარდა - 65.1%.
საგრძნობლად შემცირებულია აზერბაიჯანიდან შემოტანილი საწვავის მოცულობაც - 2024-ის აპრილში 11 ათას ტონას შეადგენდა, წელს - 0.4 ათასი ტონაა.